English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ მერაბ ჯულაყიძე
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოდელი

DOI: 10.36172/EKONOMISTI.2022.XVIII.04.Julakidze

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ეკონომიკური ზრდის მოდელი, რომელშიც შრომასა და კაპიტალთან ერთად ჩართულია ინტენსიფიკაციის ისეთი ფაქტორები როგორიცაა სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ორგანიზაციული პოტენციალები. საქართველოს  ეკონომიკისათვის შევეცადეთ მთლიანი სამამულო პროდუქტის (მსპ) ზრდა აგვეხსნა როგორც ექსტენსიური ფაქტორების - შრომის და კაპიტალის, ასევე ინტენსიური ფაქტორების - სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ორგანიზაციული პოტენციალების კომპონენტების მოქმედებით, რომლებიც წარმოების ფაქტორების უკუგებას სახეს უცვლიან. მიდგომის თავისებურება ისაა, რომ საწარმოო ფუნქციის პარამეტრები შეფასებულია საბაზისო პერიოდის ყოველ ხუთწლეულში, ხოლო შემდეგ ამ პარამეტრების დინამიკა ინტენსიფიკაციის შესაბამისი ფაქტორების ზრდით იქნა ახსნილი. საწარმოო ფუნქციის ელასტიკურობის პარამეტრები ფაქტორების მიხედვით შეპირისპირებული იქნა შესაბამის ხვედრითი პოტენციალების მნიშვნელობებთან. გამოვლინდა არაწრფივი კორელაციური კავშირი მათ შორის. შედეგად მივიღეთ საწარმოო ფუნქცია ტექნოლოგიური პროგრესის ეკონომიკურ ზრდაზე სამმხრივი ზემოქმედებით, რომელიც გამოყენებული იქნა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დინამიკური მოდელის ასაგებად.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური ზრდა, საწარმოო ფუნქცია, ტექნოლოგიური პროგრესი, განზოგადებული მაკროეკონომიკური მოდელი,; ინტენსიფიკაციის ფაქტორები.

შესავალი

ნაშრომში განხილულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნის ფუნქციის აგების და მისი რეალიზაციის საკითხები მაკროეკონომიკურ დონეზე, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოების მიზნების მიღწევის მაქსიმიზაციაზე გამოშვების და ყველა მიმართულებით მისი გამოყენების მიხედვით შრომისა და პოტენციალების ბალანსის დაცვით. მიღებული სოციალურ-ეკონომიკური მაკრომოდელი გამოყენებულ იქნა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საბაზო ტრაექტორიის ინტერპრეტაციისათვის, როგორც ექსტრემალთან მაქსიმალურად მიახლოებული ტრაექტორია. ამის საფუძველზე მოხდა ფუნქციონალის აღდგენა ტრაექტორიის მიხედვით, შემდეგ შეფასდა მიზნის ფუნქციის პარამეტრები.

საოპტიმიზაციო მაკრომოდელი პირდაპირი სახით გამოყენებულ იქნა რესურსების რაციონალური განაწილებისათვის მოხმარების და დაგროვების ყველა მიმართულებით, ასევე საზოგადოებრივი მიზნების რაციონალური ტემპების და პროპორციების გამოთვლების ჩასატარებლად. გამოყენებულ იქნა ამოცანის ორადული ცვლადების დინამიკა, კერძოდ, ეფექტიანობის ნორმა და ამ შეფასების მოძრაობა პერსპექტივაში. გაანალიზებულია სოციალურ-ეკონომიკური ოპტიმიზაციის შედეგები, რომლებიც შედარებულია ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით საწარმოო ოპტიმიზაციის საფუძველზე ჩატარებულ გაანგარიშებებთან.

მაკროეკონომიკური მოდელის უფრო თანმიმდევრული სახე მიიღებს თუ ოპტიმიზაცია მიმართულია არა წმინდა საწარმოო, არამედ კარგად გამოხატულ სოციალურ-ეკონომიკურ მიზნებზე. საწარმოო მიზნების მაქსიმიზაციაზე ორიენტაცია დამახასიათებელი იყო დარგობრივი მეთოდებით მართვის პროცესისათვის, ხოლო სოციალური მიმართულების დაფინანსება ნარჩენობითი პრინციპით ხორციელდებოდა. ცნობილია, რომ ამან წარმოების პრიმატის მიზნობრივი მიმართულებისაკენ გადახრა გამოიწვია. ამჟამად საქართველოში აქცენტი სოციალურად ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკაზე კეთდება, რომელზე გადასვლის პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. სამეცნიერო დონეზე ეს მოითხოვს სოციალურ-ეკონომიკური მიზნების გამოხატვის ინსტრუმენტების შექმნას და შესაძლებლობის მიხედვით მათ კვანტიფიკაციას, რომელიც საწარმოო სისტემის  განვითარების ორიენტირების ფორმირებისათვის საჭირო ბაზა შეიძლება გახდეს.

მიზნის ფუნქცია მოიცავს საზოგადოების კეთილდღეობას და ყოველმხრივი განვითარების მიღწევას. დავახასიათოთ კეთილდღეობა დროის გარკვეულ t მომენტში:

  1. გაფართოებული მოხმარების ფონდი ერთ სულზე ct , რომელიც ასევე მოიცავს მოსახლეობის მომსახურების სფეროში კაპიტალურ და მიმდინარე დანახარჯებს;
  2. საშუალო მუშაკის სამუშაო დროის ფონდი კალენდარული χt დროის წილის სახით, ხოლო სრული კეთილდღეობა, რომელიც კეთილდღეობის კატეგორიის საბოლოო დონეს მიუთითებს, რაციონალური ნორმების მიხედვით მოხმარების უზრუნველყოფას შეესაბამება.

გავზომავთ რა ct მოხმარების ფონდს უცვლელ ფასებში (ოპერირებას ვახდენთ ამ ფონდის ფიზიკურ მოცულობაზე), შეიძლება გამოთვლილი იქნეს ამ ფონდის ფიზიკური მოცულობა  , მოხმარების ნატურალური ნორმების გამრავლებით ამ უცვლელ ფასებზე და მათი შეჯამებით სამომხმარებლო სიკეთის ყოველი სახის მიხედვით.

ზუსტად ასე მივიღებთ, რომ საშუალო მუშაკის კომფორტული პირობა მის დასაქმებასთან მიმართებაში სამუშაო დროის რაიმე მიზნობრივ დონეზე მიიღწევა (მაგალითად, სამი დასვენების დღე კვირაში).

ამრიგად, საზოგადოების სამომხმარებლო მიზნები შეიძლება გავაიგივეოთ ისეთი მწარმოებლურობის და წარმოების სტრუქტურის მიღწევასთან, რომელიც ეკონომიკის ისეთ დონეს უზრუნველყოფს, როცა მოხმარება , ხოლო ხოლო სამუშაო დროის დანახარჯი  იქნება.

რაც შეეხება საზოგადოების წვრების ყოველმხრივ განვითარებას, პირველ რიგში შევნიშნავთ, რომ რეგულარული სწავლების ფორმით განვითარება  მომსახურების ერთ-ერთ ფორმას შეიძლება მივაკუთვნოთ  და მომსახურების მოხმარების კატეგორიაში ე.ი არასაწარმოო მოხმარებაში  იქნეს ჩართული. არსებობს საკუთრივ სოციალური ასპექტი ყოველმხრივი,  ახლა შეიძლება ითქვას  - უპირატესად სულიერი განვითარების კატეგორიის მიმართ. იგი სამეცნიერო-საგანმანათლებლო და მმართველობითი საქმიანობის  განვითარების ხარისხით იზომება. მართლაც, რაც მეტია ასეთი საქმიანობის მიმართ მიდრეკილების მქონეთა წილი, შეიძლება ნამდვილად მიუძღვნას მას - საკმაოდ მაღალი საერთო სამომხმარებლო დონის უზრუნველყოფის პირობით - მით მეტი საზოგადოების ინტელექტუალური პოტენციალი იქნება მოყვანილი მოქმედებაში, რაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც სულიერი განვითარების უმნიშვნელოვანესი, ეკონომიკურად ხელშესახები ასპექტი. დავუშვათ λt  არის სამეციერო-საგანმანათლებლო და მმართველობით სფეროში ანუ ინტენსიფიკაციის დარგებში დასაქმებულთა წილი, მაშინ საკმაოდ ზოგად ფორმაში მიზნის ფუნქციის სახე მაკროდონეზე ასეთი იქნება:

მიზნის ფუნქციის სპეციფიკაცია იქედან უნდა გამოდიოდეს, რომ სოციალური მიზნები ორადი ბუნებისაა: სამომხმარებლო, რომელიც მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარების დონით განისაზღვრება (თავისუფალი დროის მოხმარების ჩათვლით) - ისინი საბოლოოდ ხასიათდებიან გაჯერების დონის არსებობით; და სულიერი, რომელიც მთლიანად საზოგადოების სოციალური სტრუქტურით  და არა მისი ცალკეული ინდივიდებით განისაზღვრება - ისინი განუსაზღვრელი ზრდის თეორიული შესაძლებლობებით ხასიათდებიან, რომელიც გენფონდით და ეკონომიკითაა მოცემული. უკანასკვნელი გარემოება მოხმარებით დამოკიდებულებას სვამს დაქვემდებარებულ და არა დომინირებულ მდგომარეობაში, როგორც ამას ადგილი აქვს „მომხმარებლურ საზოგადოებაში“ და რომელსაც ფართო პერსპექტივა ეხსნება შემდგომი - წარმოების სრულყოფილი გაჯერების დონის მიღწევის შემდეგ.

მოდელის რეალიზაცია.    რადგან ტრადიციულ მაკრომოდელებს - ჩვეულებრივი კობა-დუგლასის საწარმოო ფუნქცია ავტონომიური ტექნოლოგიური პროგრესით - მივყავართ კლებად კაპიტალუკუგების დინამიკასთან, რაც მათი პრინციპული ნაკლია. საინტერესო იყო გაგვეანალიზებინა კაპიტალუკუგების დინამიკა განზოგადებული მაკრომოდელის მიხედვით. აღმოჩნდა, რომ საოპტიმიზაციო ვარიანტისათვის, რომელიც მის ტრაექტორიას გვიჩვენებს, რეალურად არის დამახასიათებელი ზრდადი კაპიტალუკუგება, რაც საწარმოო ფაქტორების ხარისხობრივ ზრდას უნდა მიეწეროს, რომელთა ასახვა ტინბერგჰენის მამრავლების ნეიტრალური ტექნოლოგიური პროგრესით შეუძლებელია. ზრდადი კაპიტალუკუგებით ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიის შესაძლებლობათა თეორიული განზოგადება უნდა განვიხილოთ როგორც განზოგადებული მაკრომოდელის ხარისხობრივი მიღწევა.

როგორც ვნახეთ აგებული იქნა მიზნის ფუნქცია და მაკროეკონომიკური განვითარების ოპტიმალობის ინტეგრალური სოციალურ-ეკონომიკური კრიტერიუმი. მიზნის ფუნქციის პარამეტრების შეფასება მოხდა ტრაექტორიის საბაზო უბნის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ პერსპექტიული ტრაექტორია გაგრძელდება იმავე ტემპით. საბაზისო პერიოდად აღებულია 2001-2020 წლები, ხოლო პროგნოზი მოიცავს 2021-2030 წლებს.

ოპტიმალობის კრიტერიუმი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას შემდეგი ორი მიმართულებით შეაფასებს :

კეთილდღეობა შეიძლება დავაკონკრეტოთ როგორც მატერიალური სიკეთის არასაწარმოო მოხმარების გარკვეული საბოლოო დონის მიღწევა. მიზნის ფუნქციაში ამ კატეგორიის ასახვის მიზნით აიგო მიმდინარე და ნახევრად გრძელვადიანი საგნების ფაქტიური მოხმარების მათ ნორმატიულ დონესთან მიმართებაში გადახრის კვადრატების შეწონილი თანხის ალგორითმი და ამას უნდა დაემატოს ანალოგიური თანხა, რომელიც გრძელვადიანი მოხმარების საგნების და ფიზიკურ გამოხატულებაში სოციალური ინფრასტრუქტურის ფონდების ეფექტიან უზრუნველყოფის დონის შესაბამისი ნორმატიული დონისგან გადახრის სოციალურ ეფექტს გაზომავს.

სულიერი განვითარების პირობა პირველი მიახლოებით შეიძლება დავიყვანოთ შემდეგ ორ მაჩვენებლამდე: სამუშაო დროის ფონდი ერთ მუშაკზე გაანგარიშებით და საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული და მართვის სფეროების განვითარება (მათში ფარდობითი დასაქმების დონის მიხედვით). ამას გარდა, ეკონომიკის განვითარების საერთო მიზანს შეიძლება მიეკუთვნებოდეს სახელმწიფო მოხმარების მაქსიმიზაცია (გარკვეულ პროპორციებში).

მოდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას უშუალო გამოთვლებისათვის თუ შეფასებული არ იქნება ოპტიმალურობის კრიტერიუმის პარამეტრები. ამ კოეფიციანტების მნიშვნელობა აირჩევა ისე, რომ საბაზო ინტერვალში ექსტრემალი ყველაზე უკეთესად შეეთანხმება ფაქტიურ ტრაექტორიას. ამისათვის რეტროსპექტივაში საწყისი საოპტიმიზაციოს შებრუნებული ამოცანა ამოიხსნება.

როგორც შებრუნებული, ისე პირდაპირი ამოცანის ამოსახსნელად გამოყენებულ იქნა არაწრფივი საოპტიმიზაციო ეკონომიკური მოდელების ანალიზის პაკეტი.

პირდაპირი ამოცანის ძირითადი და ორადული ცვლადების რაოდენობა, და შესაბამისად, მისი ოპტიმალობის პირობები ბევრად აღემატება მიზნის ფუნქციის უცნობ პარამეტრებს. ამიტომ შებრუნებული ამოცანა არის ზედმეტად განსაზღვრული. ამ გარემოების გამო პარამეტრები მოიძებნა იმ პირობით, რომ პირდაპირი ამოცანის ლაგრანჟის ფუნქციის წარმოებულთა კვადრატების ჯამი მისი ძირითადი და ორადული ცვლადების მიხედვით აღწევდეს მინიმუმს. მიზნის ფუნქციის პარამეტრების შეფასების პერსპექტივაში პროლოგირების შედეგად ძირითადი ამოცანა არაწრფივი პირობითი ოპტიმიზაციის კლასიკურ ამოცანად გარდაიქმნა, რომელიც ამოიხსნა ზემოთ მითითებული პაკეტის გამოყენებით. პირდაპირი საოპტიმიზაციო ამოცანის ამოხსნით მიღებულ იქნა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაკროეკონომიკური საპროგნოზო მაჩვენებლები, რომლებმაც საშუალება მოგვცა გავაანალიზოთ ეკონომიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები.

დასკვნა

განხილული საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოდელი და მიღებული შედეგები საშუალებას იძლევა კონკრეტული პარამეტრებით შეფასდეს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების დღევანდელი მდგომარეობა და მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის დრო და საშუალებები საკუთარი და მოზიდული რესურსების გამოყენების საფუძველზე ზრდის ტრაექტორიის კორექტირების გზით.

სოციალურ-ეკონომიური ოპტიმიზაცია აშკარად ჩამოაყალიბებს რა ეკონომიკის განვითარების სამომხმარებლო მიზნებს, საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ საწარმოო ოპტიმიზაციის დიდი დეფექტი, რომელიც მდგომარეობს მშპ-ის და მოხმარების ფონდის ჭარბ ზრდაში. საწარმოო ოპტიმიზაცია იწვევს სულიერი, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კულტურული განვითარების, ასევე მართვის სფეროს ინტერესების უგულებელყოფას.სოციალურ-ეკონომიკური ოპტიმიზაცია უზრუნველყოფს ინდივიდთა განვითარებისათვის საჭირო სივრცის გაფართოებას მუშაობისგან თავისუფალი დროის სახით.სოციალურ-ეკონომიკური საოპტიმიზაციო გაანგარიშებების რეალიზაცია საშულებას იძლევა გამოვავლინოთ ცვლილებები მოხმარების სტრუქტურაში

მაკროეკონომიკური მოდელის საფუძველზე ჩატარებული გამოთვლების შედეგად ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა თუ რამდენად მდგრადია საქართველოს ეკონომიკა და არის თუ არა საქართველოს მთავრობის მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა საკმარისად ადექვატური და თანმიმდევრული ეკონომიკური ზრდისათვის. რა დამატებითი ინსტიტუციონალური ცვლილებები უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა შეუქცევად პროცესი გახდეს.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია ზრდის არა მარტო რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ მაჩვენებლებზეც. მხოლოდ მაღალხარისხიანი ეკონომიკური ზრდა შეიძლება გადაიზარდოს ეკონომიკურ განვითარებაში. თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდა მაღალი ხარისხისაა, თუ იგი მდგრადია და თან სტრუქტურული გაუმჯობესება და ინოვაციები ახლავს. 

გამოყენებული ლიტერატურა

Papava, V. (2013) Economic Reforms in Post-Communist Georgia: Twenty Years after. Nova Science Publishers

Papava, V. (2016). Georgia’s choice: The European Union Or The Eurasian Economic union. Expert Opinion. Georgian Foundation for strategic and international Studies.

Tinbergen Jan (1978). Economic policy: Principles and Design. Amsterdam. 1956, 1978. - 478 p.

Weil David N. (2008). Economic Growth. Brown University. Second Edition.

Wooldridge M. Jeffrey (2013). Introductory Econometrics. A Modern Approach. Fifth Edition.

Geostate Database (PC-AXIS Database) of National Statistic Office of Georgia. Retrived from: http://pc-axis.geostat.ge

The World Bank Open Date. (2021). https://data.worldbank.org/